ბათუმის სტადიონის მშენებლობისთვის 101 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

20 ოქტომბერი 2017, 00:00 12275 ნახვა

შპს "სტადიონმა" ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი, გუშინ, 19 ოქტომბერს გამოცხადდა.  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20 000 მაყურებელზე გათვლილი უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი უნდა ააგოს. 

ტენდერის პირობების თანახმად, დაინტერესებულმა კომპანიამ სტადიონი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელსა და 10 თვეში, 2020 წელს უნდა ჩააბაროს. 

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა. სტადიონის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 101`700`000.00 ლარია. 

წინადადებების მიღება 21 ნოემბერს დასრულდება. 

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე საუბარი, ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, სტადიონის აშენება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმებოდა და სტადიონის მაკეტიც არსებობდა, თუმცა მოგვიანებით, სტადიონისთვის შერჩეული ადგილი დაიწუნეს.

მეორედ სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაანონსდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დავით ბალაძე აცხადებდა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის საძირკველი დასრულდებოდა, ხოლო 2018 წლის ბოლოს სტადიონი ქალაქს ექნებოდა.

თუმცა გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, ესპანურ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა. 

 

ამავე კატეგორიაში