ხულოში სოფელ ფაჩხაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა საბავშვო ბაღში აღსაზრდელები პროტესტის ნიშნად არ გაუშვეს, ისინი ამ ფორმით კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ.
ბაღის მშენებლობის პროცესში 15-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული. მათი თქმით, ანაზღაურება ივნისის დასაწყისში უნდა მიეღოთ. საუბარია 16 ათას ლარზე.
დღეს ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზად უამინდობა დაუსახელა. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ადგილობრივები ბაღის გახსნას, თანხის მიღებამდე არ აპირებენ.
ბაღის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი, ამბობს რომ დასაქმებულებს თანხა ჩაურიცხა და დავალიანება არ აქვს.