სამინისტროს თანამშრომელი სასამართლომ სიტყვიერად გააფრთხილა

03 ოქტომბერი 2017, 00:00 3433 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელს თამარ დიასამიძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენის ფოტო და ვიდეომასალას, რომელიც უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსდა. ფოტოებში ჩანდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა. საქალაქო სასამართლოში ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის საჩივრის განხილვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სხდომას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის სპეციალისტი, თამარ დიასამიძე არ ესწრებოდა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ გადაწყვეტილების მიღების დროს, საარჩევნო კოდექსის  22-ე  მუხლით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ სამინისტროს თანამშრომლის მიერ ჩადენილი ქმედება მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევა იყო. მისი განმარტებით, რადგანაც პასუხისგებაში მიცემულ პირს წარსულში არასდროს ჩაუდენია მსგავსი ფაქტი და იგი  ჩადენილ ქმედებას აღიარებს, ფინანსური სანქციის დაკისრებისგან უნდა გათავისუფლდეს და სიტყვიერი შენიშვნა მიეცეს.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის თქმით, ისინი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ. ზვიად სურმანიძის განცხადებით,  ადმინისტრაციული სახდელის შესახებ გადაწყვეტილება  მოსამართლის კომპეტენცია იყო. დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ჩადენილი  ქმედება  ადმინისტრაციულ გადაცდომად არ უნდა ჩაეთვალა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, თამარ დიასამიძის ადვოკატი დავით ფუტკარაძე ირწმუნებოდა, რომ ფეისბუქგვერდი, რომელზეც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების ფოტო და ვიდეომასალები განთავსდა, უწყების ოფიციალურ გვერდს არ წარმოადგენს და მისი ადმინისტრირებისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ ირიცხება. საპირისპიროს აცხადებდა ოლქის იურისტი. მისი განმარტებით, სამართალწარმოებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა აღიარა, რომ აღნიშნულ გვერდზე უწყების წარმომადგენელთა აქტივობები აისახებოდა. მასალა კი შეცდომით ატვირთა. 

ბათუმის №79  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უწყების თანამშრომლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 26 სექტემბერს შედგა.  სამართალდაღვევის მსგავსი ფაქტები, აჭარაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საჯარო უწყებების თანამშრომლების მხრიდან სამჯერ დაფიქისრდა. 

ხვალ, ბათუმის საქალაქო სასამართლო უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის 2000 ათასი ლარით დაჯარიმების საკითხზე იმსჯელებს. ამ შემთხვევაშიც საქმე საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებულ სააგიტაციო მასალას ეხება. ამავე მიზეზით გუშინ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დაჯარიმდა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი