თამარ ჟვანია: საქართველოში წინასაარჩევნოდ მშვიდი და წყნარი გარემოა, მათ შორის დავებთან მიმართებაშიც

22 სექტემბერი 2017, 00:00 3113 ნახვა

საარჩევნო დავების საკითხებზე ბათუმში სემინარი იმართება. ორი დღის განმავლობაში ევროპელი და ქართველი მოსამართლეები საარჩევნო დავების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. დაინტერესებულ პირებს ცესკოსა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სიახლეებსაც გააცნობენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო დავები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სტატისტიკურად თუ შევადარებთ საპარლამენტო არჩევნების დავებს, ძალიან მცირე დავა არსებობს. ცესკოში კი დავების უმრავლესობა მცირე რაოდენობის არის, ზოგ შემთხვევაში არაუფლებამოსილი პირების მიერ, რომელიც სტატისტიკურად გაცილებით ნაკლებია.  2012-2014 წლებს თუ შევადარებთ, თითქმის ორი მესამედით შემცირებულია. ჯერჯერობით საქართველოში წინასაარჩევნოდ მშვიდი და წყნარი გარემოა, მათ შორის დავებთან მიმართებაშიც“ - განაცხადა ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, სემინარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დავების ეფექტური გადაჭრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ბათუმში, ორი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდება, რომელიც საარჩევნო დავებს და მის გადაჭრას შეეხება. მონაწილეობენ საქართველოში მომუშავე საერთო სასამართლოების, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების ის მოსამართლეები, რომლებიც საარჩევნო საკითხებს იხილავენ. ჩვენ გვეხმარება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, ვენეციის კომისია. მოწვეული გვყავს წარმომადგენლები საფრანგეთიდან, ბელგიიდან და შვეიცარიიდან გვყავს მოწვეული, რომლებიც ჩვენს მოსამართლეებთან ერთად საერთაშორისო პრაქტიკას განიხილავენ“- განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი