საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა იურიდიული მხადაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს საყვედური გამოუცხადა და დავალებების შესასრულებლად მალხაზ ბოლქვაძეს კონკრეტული ვადა მისცა. იურისტის ბრალდებებს კი პასუხები გასცა.
1. თქვენ განცხადებაში ახსენეთ, რომ პროცესები შესაძლოა გარე ძალების მიერ იყოს მართული. ვინ მოიზრება ამ ძალაში, ვინ შეიძლება იდგეს პროცესების უკან?
მაშინ, როცა შესაძლებელია შიდა რეგულირებით გადაწყდეს ეს საკითხი, მსგავსი თემის პროკურატურაში მიტანა დაშანტაჟების მცდელობას ჰგავს. მე ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყოს ამ პროცესების უკან. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ძალა, რომლისთვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა მისაღები არაა. სწორედ ეს არის რისკი, თუმცა რისკების თავიდან არიდების შესაძლებლობა არსებობს - ეს გამჭვირვალობაა.
2. უკავშირდება თუ არა პროცესები სარედაქციო დამოუკიდებლობას?
„ვერ გეტყვით, მე ვიცავ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, ვიცავ სარედაქციო დამოუკიდებლობას. როდესაც გაჩნდება თუნდაც მცირედი ეჭვი სარედაქციო ან მაუწყებლის დამოუკიდებლობის შესახებ, ამის თაობაზე აუცილებლად ღიად იქნება გაცხადებული.
3. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა. დაგიკავშირდათ თუ არა შესაბამისი უწყება?
„მსგავსი რამ არ ყოფილა, მე ვისურვებდი, რომ ეს პროცესი სწრაფად განვითარდეს. განცხადების ავტორმა კი პასუხი დროულად მიიღოს. „
4. მიიღეთ თუ არა იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის საპასუხო წერილი, რა არგუმენტებზე საუბრობს მალხაზ ბოლქვაძე?
„პასუხი მიღებულია, ის ზოგადი ხასიათისაა. წერია, რომ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, მაგალითად მატერიალურ-ტექნიკური მიმართულებით, მას არ აქვს სპეციალური ცოდნა და ა.შ. რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოებს თავი უნდა ავარიდოთ. არხზე ძალიან ბევრი ტექნიკოსია, რომლებმაც ადამიანები ამ მიმართულებით უნდა დააკვალიანონ. რაც შეეხება სხვა პასუხებს, აღნიშნავს (იგულისხმება მალხაზ ბოლქვაძე - რედ.), რომ სასურველია დირექტორი გადადგეს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საქმე მაუწყებლის განვითარებას ეხება.
5. არხის იურიდიული მხადაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ რა სანქციებზეა საუბარი?
„გუშინ დავამთავრეთ ადმინისტრაციულ-დისციპლინარული საქმის წარმოება. მალხაზ ბოლქვაძემ საყვედური და გაფრთხილება მიიღო. ჩემთვის დავალების შეუსრულებლობა მიუღებელი იყო, ასეთი რამ სამსახურებში არ ხდება. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს. დავალებები, რომელიც მაუწყებლის განვითარებისთვის საჭიროა, უნდა შესრულდეს. დავალებების შესრულების გრაფიკი კი წარმოდგენილი უნდა იყოს.
6. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქმე პროკურატურაშია, თუმცა არ არის პირველი შემთხვევა, როცა თანამშრომელი გიპირისპირდებათ. ხომ არ ფიქრობთ დასაქმებულების მიმართ მიდგომების შეცვლაა საჭირო?
„მართვის პროცესი დავალებების გაცემას და მიღებას გულისხმობს. კანონის ფარგლებში, როგორც ეს არის გათვალიწინებული ურთიერთობების ჩამოყალიბება ხელშეკრულების საფუძველზე ხდება. შესაძლოა იყოს აზრთა სხვადსხვაობა, იმ ოდენობის თანამშრომლებს შორის, რომელიც მაუწყებელს ჰყავს. შესაძლოა ზოგიერთისთვის სამუშაო პროცესი ბოლომდე კომფორტული არ იყოს.
7. მალხაზ ბოლქვაძის ბრალდება შემდეგ საკითხს ეხებოდა, იურისტი ამბობდა, რომ მას კუთვილ შვებულებას არ აძლევდით?
„შვებულება გაცემული იყო ჩემი მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი, მუდმივი კომუნიკაცია მქონდა. მაუწყებლის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლოა ადამიანი შვებულებიდან გამოვიხმოთ. რაც შეეხება სხვა შემთხვევაში სამსახურში გამოცხადებლობას, კანონმდებლობა გვავალდებულებს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი მოვითხოვოთ, შესაძლოა ეს იყოს საავადმყოფო ფურცელი.
8. სამედიცინო ცნობა თუ წარმოადგინა?
„ჯანმრთელობის ცნობასთან დაკავშირებით გეტყვით. ეს იყო აპრილის თვე, ანუ მანამდე არსებული პერიოდი. მაშინ მალხაზ ბოლქვაძემ ცნობა წარმოადგინა. კანონდებლობა ჩვენ კონკრეტული დღეების მიცემას გვავალდებულებს, მაგრამ არასად არ არის მითითებული რომ ეს უნდა იყოს 24 დღე ერთად, დასვენებას ვგულისხმობ. შესაძლებელია სამსახურეობრივი მიზნებიდან გამომდინარე ამის დაყოფა. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
9. იურისტი საუბრობს, რომ ეს დავალებები შვებულებაში ყოფნის დროს მიიღო.
„ეს დავალებები გაცემული იყო არა შვებულების დროს, არამედ მაისის თვიდან აგვისტოს ბოლომდე. მაგალითად, ბოლო შეხსენება 11 ივლისს იყო, როდესაც ანგარიში მოვითხოვე. ეს გრძელვადიანი პროცესია. კონკრეტულად ერთ თვეს არ უკავშირდება.