აჭარის რესურსცენტრებში დაზუსტებით არ იციან რამდენმა სტუდენტმა მოიპოვა გრანტი

29 აგვისტო 2017, 00:00 4471 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, ინფორმაცია აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისა და გრანტის მოპოვების შესახებ უკვე ცნობილია.
როგორი მაჩვენებელია რეგიონში. რამდენმა აბიტურიენტმა  შეძლო 100%, 70% , 50%,  გრანტის მოპოვება. ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ  ბათუმისა და მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვცადეთ.

ყველაზე უფრო დეტალური მონაცემები ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსმა მოგვაწოდა.  ხათუნა დიდმანიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 264 აბიტურიენტი გავიდა,  გრანტი კი  18 მათგანმა  მიიღო. ორმა აბიტურიენტმა 100%-იანი, ისინი ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ექვსმა კი 70% დაფინანსება მოიპოვა. არიან ასევე სტუდენტები, რომლებიც უფასო ფაკულტეტებზე ისწავლიან. რესურსცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ეს არის ინფორმაცია, რომელიც სკოლის დირექტორებმა მოსწავლეებისგან მიიღეს.


ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე ამბობს, რომ მსგავსი მონაცემები სამსახურს ჯერ არ შეუგროვებია. „ვაზუსტებთ ინფორმაციას ზოგად სტატისტიკას ვადგენთ, რა მოხდა, რამდენი ჩაირიცხა, რამდენმა აბიტურიენტმა აიღო გრანტი. პროცესი ჯერ არ დაგვისრულებია.  სკოლების წარმომადგენლებს ერთკვირიანი ვადა მივეცით, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდონ“.

ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა იცის, რომ რაიონის საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლემ 100%  გრანტი  მიიღო, თუმცა დეტალებზე ვერ საუბრობს. მიზეზებს შემდეგნაირად განმარტავს. „რაც აბიტურიენტები ონლაინ რეგისტრაციაზე გადავიდნენ,  ვეღარ ვღებულობთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვინ რამდენი ქულა მიიღო, სტატისტიკა უკვე აღარ გვაქვს. გასულ წლებში გამოცდების ეროვნულ  ცენტრს მივმართეთ. გვითხრეს, რომ ცალკე ქობულეთის მასშტაბით მონაცემების მოცემის უფლება არ ჰქონდათ.  ვეყრდნობით ციფრებს,  რომელსაც სკოლის დირექტორები გვაწვდიან. ისინი  საკუთარ მოსწავლეებს ეკითხებიან, მაგრამ აქაც არის ცდომილება. ხომ არიან აბიტურიენტები, რომლებიც ორი სამი წლის შემდეგ აბარებენ, შესაბამისად ზუსტად რამდენმა მიიღო გრანტი არ ვიცით“ - ამბობს  მადონა გოგიტიძე.

დაზუსტებული მონაცემები ქედის  საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც არ აქვს. უწყების უფროსი დურმიშხან შავიშვილი ამბობს, რომ ჩარიცხვებისა და გრანტების შესახებ მონაცემები უახლოეს დღეებში ექნება. „მსგავსი ინფორმაცია სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის, თუმცა  მონაცემებს ვაგროვებთ. სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გვექნება,  ყველა საკუთარი სასწავლო დაწესებულებიდან ინფორმაციას მოგვაწვდის.  მე ვიცი, რომ რამდენიმემ 50%  გრანტი მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე სრულყოფილი მასალა არ გვაქვს. სკოლის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა  ამ კვირაში შედგება, შესაძლოა ხვალაც და შედეგებს გავიგებთ“. 

ხულოს რესურსცენტრის უფროსს ედუარდ მიქელაძეს ოფიციალური მონაცემები არ  აქვს, არაოფიციალურად კი იცის, რომ მუნიციპალიტეტს გრანტმოპოვებული ათამდე აბიტურიენტი ჰყავს, მათგან ერთმა გოგონამ  100% დაფინანსება მიიღო. „წელს  სხვა წლებთან შედარებით  მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვიცი რამდენიმე კურსდამთავრებული, რომლებმაც 50% და 70% გრანტები მიიღეს, ზოგიერთმა მათგანმა  რესურსცენტრში დამატებითი გრანტისთვის განაცხადიც კი შემოიტანა. როგორც ცნობილია მაღალმთიანეთში 24 სტუდენტს, გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრო დამატებით აფინანსებს.

შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ვერ დავუკავშირდით. ის  სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

რატომ არ აქვთ რესურსცენტრებს ზუსტი სტატისკა? აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი  თეა ვადაჭკორია ამბობს, რომ მონაცემთა ბაზას საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლები, შედეგებს კი მხოლოდ აბიტურიენტები ხედავენ. რეგიონების მიხედვით საინფორმაციო ბაზების დამუშავებას დრო სჭირდება. რის შემდეგაც ზუსტი სტატისტიკა დაიდება.  
„როცა მეთორმეტე კლასელები  სასწავლო დაწესებულებაში რეგისტრირდებოდნენ, მონაცემებს ხედავდა სკოლა და რესურსცენტრიც. შესაბამისად სამინისტროსთვის შეფასების გაკეთება და სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაც ადვილი იყო. ახლა სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ეს მისი და აბიტურიენტის  პირადი ინფორმაციაა. „ - ამბობს თეა ვადაჭკორია.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს. აქედან 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი - 1457-მა, 50%-იანი  - 4081 სტუდენტმა, ხოლო ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე  4051 სტუდენტი ჩაირიცხა. კონკურსში მონაწილეობა 39 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო. გრანტისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გახდა ცნობილი.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში