28 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთმანეთს ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ქობულეთის შესასვლელთან, ავტობანზე შეეჯახა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უთხრა, 28 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული და მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
მინისტრის თქმით, სავარაუდოდ სამ დაშავებულს ოპერაციას ჩაუტარებენ. ზაალ მიქელაძე, რომელიც ქობულეთში იმყოფება ამბობს, რომ კლინიკებში სრული მობილიზაციაა. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ჩვენ ამ წუთებში ვცდილობთ ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.