პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც პოლიციის აკადემიაში პროფესიული კურსების პარალელურად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვას ეხება.
საუბარია საბაკალავრო პროგრამაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე.
მისი თქმით, ინიციატივის მიზანი მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებაა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურად შერჩევის რამდენიმე ეტაპიანი შიდა ტურის ჩატარებასთან ერთად განიხილება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაც. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აბიტურიენტებთან ხელშეკრულებები გაფორმდება, რომელშიც კონკრეტული ვალდებულებები გაიწერება, მათ შორის სამინისტროს სისტემაში რამდენიმეწლიანი მუშაობის კუთხით.
დარღვევის შემთხვევაში კი სტუდენტს სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოუწევს. პროგრამა აკრედიტაციის პროცესს გადის და სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2027 წლიდან იგეგმება.
მანამდე კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ორი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უმაღლესი და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადების განსაზღვრას ეხება.
