გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა.
„გერმანიის ელჩი უბრალოდ მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დიპლომატიასთან და გასაკვირია მართლა, რაც ჩვენ ვნახეთ. მათ შორის ვნახეთ, რომ მას არ დაუგმია 4 ოქტომბრის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. გუშინ მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, რომლებიც 4 ოქტომბრის შტურმის მონაწილეები იყვნენ. მეორე – ის პოზირებდა აქციის ერთ-ერთი ექსტრემისტი მონაწილის ფოტოდან და ესეც შემთხვევით გავიგეთ. ის, ვისთანაც პოზირებდა, ეს ადამიანი ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს და მის მოსაყდრეს ეგზარქოსებად მოიხსენიებს. ამ ადამიანთან დადგა გერმანიის ელჩი, გადაიღო ფოტო და სოლიდარობა გამოუცხადა. ეს მე მაგონებს მიხაილ როთის ხაზს, რომელიც აქ იყო ჩამოსული და მაშინ თქვა, რომ რა გინდათ, ბედნიერებას გინდათ მიაღწიოთ ეკლესიასთან ერთადო? ეს არის ზუსტად მიხაილ როთის ხაზი, ის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე, რომელსაც დღეს გერმანიის ელჩი აგრძელებს იმით, რომ სოლიდარობას უცხადებს ექსტრემისტს. ახლა მე პირადად ველოდები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან რა ნაბიჯები გადაიდგმება, რადგან ფაქტია, ეს ადამიანი მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იყო იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, გადაიკითხავდა კიდევ ერთხელ შესაბამის მუხლებს და ამ ყველაფრის შემდეგ თავს მაინც შეიკავებდა.
„მამუკა ცუცქირიძე ლანძღავს ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს, მის მოსაყდრეს, მოიხსენიებს ეგზარქოსებად. გერმანიის ელჩი მასთან იღებს ფოტოს და უცხადებს სოლიდარობას. რა არის ეს, თუ არა მასხრად აგდება ჩვენი საზოგადოების და რა არის, თუ არა თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე. ამიტომ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდათ. ამ კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენ გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, გადაიკითხავდა კიდევ ერთხელ შესაბამის მუხლებს და ამ ყველაფრის შემდეგ თავს მაინც შეიკავებდა. არ გასულა რამდენიმე დღე და უბრალოდ მასხრად აგვიგდო, მთელი საზოგადოება, მთელი სახელმწიფო და ეკლესიის მლანძღველებს უცხადებს სოლიდარობას. ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა სურს. სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება, თუ სურს ამ ხიდების საბოლოოდ დაწვა. ამ ელჩის პირობებით, რომელიც მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, სოლიდარობას უცხადებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, ამ ელჩის პირობებში, რთულია, წარმოიდგინოთ, რომ ეს ხიდები აგებული იქნება გერმანიის მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება უნდა გააკეთოს.
„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო როდესაც აბრუნებდა ელჩ ფიშერს, რა თქმა უნდა, ჩამოსვლამდე წინასწარი კონსულტაცია იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაჰპირდნენ, რომ გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა იმგვარი ქმედებებისგან, რომელსაც მანამდე ჰქონდა ადგილი. ვხედავთ ელჩს ექსტრემისტებთან ერთად, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის მლანძღველს, პატრიარქის თანამოსაყდრის მლნძღველს. ამიტომ, განმარტება უნდა გააკეთოს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს არის მისი დავალება, რომ გერმანიის ელჩმა სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს ეკლესიის მლანძღველებს, მხარდაჭერა გამოუცხადოს ექსტრემისტებს, თუ ეს არის კვლავ მისი თვითშემოქმედება. კიდევ უფრო უარესი, თუ არ იცოდა, ვისთან იღებდა. რას ჰქვია, არ იცოდა. ელჩი რომ არის, არ უნდა გაერკვეს, სად მიდის, ვისთან მიდის, რისთვის ჰყავს ქართველი თუ არაქართველი თანამშრომლები. თუკი ამდენად არაკვალიფიციურია ადამიანი, ეს კიდევ უარესი მასხრად აგდებაა ქართული სახელმწიფოსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მამუკა ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა.