„გათვითცნობიერებული გვაქვს და მოქალაქეებიც ინფორმირებული არიან, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ევროპის ნაწილი“– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. პრეზიდენეტის განცხადებით, ევროკავშირში არიან ძალები, რომელთაც იგივე ღირებულებები აქვთ, რაც საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას.
მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს გერმანიის ელჩის და სხვების ქმედებები აზიანებს. ყაველაშვილმა უპასუხა წამყვანის კითხვას ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ „საქართველოში მიღებული კანონებით ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი“. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩის გზავნილი არ შეეფერება იმ გაერთიანების ძალისხმევას, რისთვისაც შეიქმნა ევროკავშირი.