პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბოიკოტი შეწყვიტა - ამის შესახებ პარტიის წევრმა, ჯემალ ანანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ანანიძემ აღნიშნა, პარტია იწყებს აქტიურ ჩართულობას ყველა საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში. მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური პროცესებიდან გაქრობამ ხალხი დაუცველი დატოვა.
ანანიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ტრიბუნის გამოყენებაზე უარის თქმა შეცდომა და დანაშაულია ქვეყნის წინაშე.
„4 ოქტომბრის შემდგომ შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ტრიბუნის არ გამოყენება, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გამუდმებით ვამტკიცებდით, რომ მოსახლეობის მხრიდან ნდობაშემცირებულ ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთადერთი კანონიერი გზაა არჩევნები და შედეგად მიღებული მანდატების აქტიურად გამოყენება ქვეყნის თუ მოსახლეობის უკეთესი მომავლისათვის", - განაცხადა ჯემალ ანანიძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე