აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საზღვაო სფეროს წარმომადგენლებსა და მეზღვაურებს შეხვდა.
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ საზღვაო სექტორის განვითარება დადებითად აისახება როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და თითოეულ მეზღვაურს ექნება მისი უპირობო მხარდაჭერა.
„საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ქმნით შესაძლებლობას, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონში ჩამოყალიბდეს, როგორც მოწინავე საზღვაო ქვეყანა. ამ მნიშვნელოვანი მიზნის განხორციელებაში მუდმივად გექნებათ ჩემი და ჩემი გუნდის მხარდაჭერა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საზღვაო სექტორის განვითარება დადებითად აისახება რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მეზღვაურობა განსაკუთრებული პროფესიაა. თქვენი ყოველდღიური შრომა მოითხოვს სიმტკიცეს, სიმამაცეს, თავდადებასა და გამბედაობას. ხშირად ხართ ოჯახებსა და სამშობლოსგან მოშორებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წვლილი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, თქვენი შრომა იყოს დაფასებული, თქვენი უსაფრთხოება დაცული, ხოლო თქვენი მომავალი სტაბილური," – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ასევე, მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან და შრომის პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების განვითარებას, შრომითი უფლებების დაცვასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.
შეხვედრას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე