ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი სკოლის სრული რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა  

26 სექტემბერი 2025, 11:18 152 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ აჭყვისთავისა და ჯიხანჯურის საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო სოფელ გვარაში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

განხორციელებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გაეცნო. მისი განცხადებით, რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციას სისტემური ხასიათი მიეცა და ეს ტენდენცია აქტიურად გაგრძელდება.

სოფელ გვარას ახალი საბავშვო ბაღი 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საბავშვო ატრაქციონები და ქვიშის მოედანი. ობიექტი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სსიპ ომარ ასლანიძის სახელობის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლას, რომელიც 400 მოსწავლეზეა გათვლილი. განახლდა საკლასო ოთახები, სპორტდარბაზი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიების კაბინეტები, სააქტო დარბაზი და სხვა სივრცეები. შენობის ფასადი დაიფარა საფასადე ფილებით.

სასწავლო პროცესი განახლდა სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაშიც, რომელიც 250 მოსწავლეზეა გათვლილი. განხორციელდა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოწესრიგდა ტერიტორია და ფასადი საფასადე ფილებით შეიფუთა. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, სპორტული და სააქტო დარბაზების სრული რეაბილიტაციაც დაწყებულია.

სულხან თამაზაშვილთან ერთად განხორციელებულ სამუშაოებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე, საქართველოს პარლამენტის, უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წევრები გაეცნენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე