დღეს ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებელია როგორც არასდროს, რაც გვაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად მკაცრად ავამოქმედოთ კანონი ნებისმიერი ტიპის დანაშაულთან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2025, 19:03 124 ნახვა

დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს და ეს მოცემულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მკაცრად ავამოქმედოთ კანონი ნებისმიერი ტიპის დანაშაულთან მიმართებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კონკრეტული საქმეები აღიძრა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან და ეს არის მთლიანად კანონის თემა, ეს არ ეხება მთავრობას, როგორც ასეთს, ეს ეხება შესაბამის უწყებებს.

„ჩვენი ხელისუფლება აქტიურ ზომებს იღებს კორუფციის აღმოსაფხვრელად საქართველოში. ამას უკავშირდება პროკურატურის აქტიურობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სხვა სამართალდამცველი უწყებების საქმიანობა. ყველა ძირითადი მიმართულებით გააქტიურდა კრიმინალთან ბრძოლა, ეს ეხება კორუფციულ დანაშაულებს, ნარკოტიკულ დანაშაულებს, ორგანიზებულ დანაშაულს და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს, ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლებისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გამოწვევები ხელოვნურად, გარედან იყო შექმნილი.

„როდესაც მაგალითად გაქვს რთული პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო, როცა არის რეგიონში მიმდინარე ომი, როდესაც ამ ფონზე არის ზეწოლა ხელისუფლების მიმართ, რომ ჩაერთოს საომარი მოქმედებებში და ა.შ, ასეთ დროს რაღაცებს შეიძლება, ვერ დაუთმო სათანადო ყურადღება ობიექტური მიზეზების გამო. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს და ეს მოცემულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მკაცრად ავამოქმედოთ კანონი ნებისმიერი ტიპის დანაშაულთან მიმართებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი