დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. ამ წუთებში სხდომათა დარბაზში, ბრალდებულები საბოლოო სიტყვას ამბობენ. ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ წარდგენილი ბრალი აბსურდულია და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელებმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს.
განაჩენის გამოცხადებას ელოდებიან სასამართლოს შენობის გარეთ შეკრებილი მხარდამჭერები.
დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ჯგუფური და ორგანიზებული დანაშაულის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარემ 9 თვის განმავლობაში ვერ წარადგინა.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.