ტრამპი რუსეთს სანქციების თავიდან ასაცილებლად 10-დღიან ვადას აძლევს

30 ივლისი 2025, 11:22 183 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მოსკოვი უკრაინაში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხში პროგრესს არ აჩვენებს, შეერთებული შტატები რუსეთისთვის ტარიფებისა და სხვა ზომების დაწესებას „დღეიდან 10 დღეში“ დაიწყებს. ტრამპმა პირველად ორშაბათს  განაცხადა, რომ მოსკოვისგან მოქმედებისთვის ერთი თვის წინ დადგენილ  50-დღიან ვადას ამცირებს და ახალი 10-12 დღიანი ვადა დაასახელა.

შოტლანდიიდან ვაშინგტონში დაბრუნების დროს ნომერ პირველ ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ არ ღელავს ნავთობის ბაზარსა ან ფასებზე  რუსეთის სანქციების პოტენციური გავლენის გამო და პირობა დადო, რომ ნებისმიერი ზემოქმედების კომპენსაციის მიზნით შიდა ნავთობის წარმოებას გაზრდის. აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც წარსულში პუტინთან კარგ ურთიერთობაზე საუბრობდა, სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია მოსკოვის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე  უარის თქმით.  

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კვირაში ორდღიანი ორმხრივი მოლაპარაკებების დროს ჩინეთის ოფიციალურ პირებთან მეორადი სანქციების საკითხი წამოჭრა. მისივე თქმით,  პეკინს შეიძლება მაღალი ტარიფები დაეკისროს, თუ ის რუსული ნავთობის შესყიდვებს გააგრძელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში