თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

23 ივლისი 2025, 16:33 109 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

"თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით და მადლიერება გამოხატა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე, ამასთან, განიხილეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებული რეგიონებთან მიმართებით ეუთო-ს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესი და კოლეგას სამომავლო ხედვები გაუზიარა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში