''აზერბაიჯანმა სომხეთის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი ოსა და მომსახურე პერსონალი გაანადგურა''

16 მაისი 2017, 00:00 2378 ნახვა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი ოსა და მისი მომსახურე პერსონალი გაანადგურეს.
ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო ტრენდ.აზ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

თავის მხრივ, სომხური მედია თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სარდლობაზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მორიგ პროვოკაციას მიმართა და სამხედრო ტექნიკის მცირე ნაწილი დააზიანეს მართვადი რაკეტებით. მათივე ცნობით, პირად შემადგენლობაში დანაკარგი არ არის. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს–მდივანმა არცრუნ ოვანისიანმა პროვოკაციებში დაადანაშაულა აზერბაიჯანის სამხედრო–პოლიტიკური ხელისუფლება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სომხეთის ჰაერსაწინააღმდეგო დავდაცვის დანაყოფებმა ფრონტის ხაზზე გაიტანეს საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი "ოსა", რათა კონტროლის დაემყარებინათ აზერბაიჯანის კონტროლირებად საჰაერო სივრცეზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის სამხედროების ამ ნაბიჯმა სხვა გზა არ დაუტოვა მათ, თუ არა გაენადგურებინათ სამხედრო ტექნიკა და მისი მომსახურე პირადი შემადგენლობა.

საზენიტო–სარაკეტო კომპლექს "ოსა" 45 კილომეტრის რადიუსში შეუძლია საფრენი აპარატის დაფიქსირება, ხოლო 9 კილომეტრის რადიუსში – მისი განადგურება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, რასაც საფუძვლად ბაქოს მიმართ ერევნის ტერიტორიული პრეტენზიები დაედო. შედეგად, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქისა და მიმდებარე 7 რეგიონის ტერიტორიები – აზერბაიჯანის საერთო ფართობის დაახლოებით 20% – დღეს სომხეთის კონტროლს ქვეშაა.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი