იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ქვეყანაში სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. მათივე ცნობით, NSDI გეოპორტალი არის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მიერ წარმოებულ სივრცით მონაცემებს აერთიანებს.
„პორტალზე განთავსდება რუკები, ორთოფოტოები, მიწის ნაკვეთების საზღვრები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გზები, ხიდები, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები. კერძო კომპანიები განათავსებენ ინფორმაციას მათი ინფრასტრუქტურის განლაგების, დაფარვის ზონების და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.
გეოპორტალის მიზანია, მომხმარებლებს გაუმარტივდეთ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა, ინვესტიციების მოძიება და კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება.
NSDI გეოპორტალის მონაცემთა ფორმატები სრულად შეესაბამება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებსა და სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მარტივ ინტეგრირებას და გამოყენებას ევროკავშირის მონაცემთა სივრცის ინფრასტრუქტურაში.
პლატფორმის კოორდინაციას უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
პრეზენტაციას, ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და სხვა მოწვეული სტუმრები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.