ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის თორმეტი წევრი დააკავეს

18 ივლისი 2025, 14:18 168 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის თორმეტი წევრი დააკავეს.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს აფინანსებდა არაუმეტეს 150 000 ლარის ოდენობით.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლ.დ., რომელიც ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული პროგრამის შესახებ, სახელმწიფო თანხის დიდი ოდენობით მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ სოფლის მეურნეობასთან და მათი მეშვეობით მიმართა „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გრანტის გაცემის თაობაზე. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო რამდენიმე კომპანია, საიდანაც თითქოსდა უნდა მომხდარიყო ხსენებული ტექნიკის შეძენა. ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა თავის მხრივ, დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით, გასცეს ყალბი ინვოისები ტექნიკის რეალიზაციის თაობაზე.

დადგენილია, რომ აღნიშნული სქემით, ბრალდებულების მიერ, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, 8 შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მოტყუებით მიღებული იქნა გრანტი, ჯამში 826 815 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ არადანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული, პირადი ინტერესებისთვის.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. წინასწარი მონაცემებით შესაძლოა გაიზარდოს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე დამნაშავე პირთა რაოდენობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

საგამოძიებო სამსახური აქტიურად განაგრძობს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ფაქტების გამოვლენას"- განმარტავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი