ჯანდაცვის სამინისტრო ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს

16 ივლისი 2025, 14:47 140 ნახვა

როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში, ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოთახები, გაგრილების მიზნით, ხანგრძლივი დროით უნდა განიავდეს ღამით და დილით ადრე, როდესაც გარე ტემპერატურა დაბალია.

უწყების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

" დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა. გამორთეთ ხელოვნური განათება და შეზღუდვით გამოიყენეთ ელექტროენერგია;

 

– მოერიდეთ გარეთ გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში;

 

– მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ აქტივობას;

 

– არ დატოვოთ ბავშვები ან შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში;

 

– მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა;

 

– ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი;

 

– მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე რეგულარულად;

 

– მოერიდეთ ალკოჰოლს, ზედმეტ კოფეინსა და შაქარს;

 

– საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით, მოერიდეთ ცილოვან საკვებს;

 

– თუ იღებთ მედიკამენტს, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თერმორეგულაციასა და სითხის ბალანსზე;

 

– მზით დამწვრობის თავიდან ასარიდებლად მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და გარუჯვას"- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში.

ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს დამატებით რეკომენდაციას რისკის ჯგუფებისთვის.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებისადმი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: ახალშობილები და ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდებათ მუშაობა.

" თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს იღებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს მედიკამენტების დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ;

 

– მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელებისა;

 

– საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს;

 

– თუ მედიკამენტს იღებთ, შეინახეთ იგი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში);

 

– გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ოფლიანობის დროს ორგანიზმიდან, შეიძლება, გამოიდევნოს მარილი და მინერალები. ჰკითხეთ ექიმს, როგორ აღადგინოთ მათი ბალანსი უსაფრთხოდ;

 

– შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი – 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის;

 

– შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით, მზის მხარეს. ღამით გააღეთ ფანჯრები და ღია დატოვეთ დილამდე (თუ ეს სახიფათო არ არის), აგრილებამდე;

 

– თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, მოთავსდით გრილ ადგილას და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს"- განმარტავენ სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტრო ცალკე ავრცელებს რეკომენდაციებს ძლიერი სიცხის დროს ბავშვების დასაცავად.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ზაფხულის სეზონზე ძლიერმა სიცხემ ბავშვებში, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები.

„მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს.

– ძლიერმა სიცხემ, შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

– დაუკავშირდით ექიმს, თუ ბავშვს აქვს: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, დაბუჟება, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა), ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა.

– თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე.

– ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

– დაბანეთ ბავშვი გრილ წყალში, ვიდრე არ იგრძნობს თავს ხალისიანად.

– წლის ცხელ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ დამდგარ წყალსატევებსა და ტბებში შესვლას და ბანაობას, რათა თავიდან აიცილოთ რიგი დაავადებები (ტულარებია და სხვა).

– თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება.

– თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.

– განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ტკიპის ნაკბენის მიმართ: ასეთ შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს და შეასრულეთ შესაბამისი რეკომენდაციები. ტკიპის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად ტყეში და მინდორში ყოფნისას აუცილებლად ატარეთ დახურული ტანსაცმელი, იქ ყოფნისას ხშირად და სახლში დაბრუნებისას დაათვალიერეთ სხეული.

– თერმულად კარგად დაამუშავეთ ცხოველური საკვები პროდუქტები, რათა თავიდან აიცილოთ საკვებისმიერი ინფექციური დაავადებების გადაცემა (სალმონელოზი და სხვ.).

– არ დატოვოთ საკვები ღია სივრცეში შეფუთვის გარეშე, რათა არ მოხდეს მისი დაბინძურება მწერების (ბუზების და სხვა) მიერ.

– არ დატოვოთ მალფუჭებადი საკვები (ტორტი, ნამცხვრები და სხვა რძის პროდუქტებზე დამზადებული, გატარებული ხორცის შემცველი პროდუქტები და სხვა) ღია და ცხელ გარემოში ერთ საათზე მეტი ხნით. დაიცავით საკვების შენახვის წესები (განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისთვის), პროდუქტი შეინახეთ მაცივარში.

– ხელის ჰიგიენის სწორად დაცვა თავიდან აგვაცილებს ნაწლავურ და სხვა ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც წლის ცხელ პერიოდში უფრო ხშირია.

– არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში, შეიძლება, ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯრის შემთხვევაშიც კი ათ წუთში ტემპერატურამ, შეიძლება, მოიმატოს ექვსი გრადუსით.

– თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი