ელენე ხოშტარიას არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო - შალვა პაპუაშვილი

01 ივლისი 2025, 11:38 76 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.

„არც მას, არც ქვეყანას და არც ოპოზიციას შეეტყო რომ მან იშიმშილა. სადაც იყვნენ სამი დღის წინ, დღესაც იქ არიან. ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით, რომ ადამიანმა 2 დღე იშიმშილა და ასევე გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა. ამ მხრივ ალბათ მოვხვდებით მსოფლიო ჰედლაინებში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ადამიანი თვალის დაპაჭუნებაში გაქრა“.

„რაც შეეხება მის საგამოძიებო კომისიისგან დამალვას და ასევე მოულოდნელ ქვეყნიდან გასვლას, რაზეც ვხედავთ, რომ მისი თანაპარტიელებიც ვერ სცემენ პასუხს თუ როდის დაბრუნდება. პირველად გავიგე ადამიანი დაგეგმილ შეხვედრებზე მიდიოდეს და ცალი მხარის ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი არა. ეს ხომ აბსურდია? მის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი და ვნახოთ.

გამოჩნდა, რომ როგორ სახედაც მის მიმდევრებს უნდოდათ, რომ დაეხატათ - მამაცი, გამბედავი ადამიანისა - აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად იპარება, როცა ფიქრობს, რომ რაღაც გამოწვევები შეიძლება არსებობდეს. არ ვიცი, რისი შეეშინდა, მაგრამ როგორც 2021 წელს შეეშინდა და „ქართული ოცნებიდან“ გაიპარა, როგორც ჩანს, ახლაც რაღაცის შეეშინდა და გაიპარა საკუთარი პარტიიდან. არაფერი საშიში არ არის, საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, ჩვეულებრივი გარემო იყო. არ ვიცი, რა პრობლემა იყო, რომ კვლავ მისულიყო და შესაბამისი განმარტებები მიეცა. რადგან ასეთი შიში აქვს დისტანციურ ჩართვაზეც დათანხმდა კომისია და ხვალ მოვისმენთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი