ყველაფერს გავაკეთებთ,თითეული ჯარისკაცის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის - პოლიციისთვის კი შევიძინეთ 143 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებას - პრემიერი

27 ივნისი 2025, 14:42 63 ნახვა

სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, მათ შორის, ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამხედროების სოციალური მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„ამ მიმართულებითაც გაგრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება. ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი  უმთავრესი პრიორიტეტი. მუშაობა მიმდინარეობს 133 ობიექტის განახლება/მშენებლობაზე, რაც თავდაცვითი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. 320 მლნ ლარის პროექტები ხორციელდება, ასევე -ჯარის ქალაქის მშენებლობა. ესეც არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომელიც განკუთვნილია ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ქართული ჯარი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაგრძელდეს ზრუნვა ჯარის განვითარებაზე და თითეული ჯარისკაცის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ზრუნვას პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.

„შეძენილი იქნა 143 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება პოლიციისთვის, 69 მაღალი გამავლობის ავტომანქანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, მიმდინარეობდა შენობების რეაბილიტაცია, ძალიან მასშტაბურია ის ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა, დეტალურ ინფორმაციაა წარმოდგენილი ამასთან დაკავშირებით მთავრობის ანგარიშში. ვზრუნავთ პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო 1 100-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში