მეჩეთის მშენებლობაზე მერიის უარს "ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდის" წარმომადგენელი ტარიელ ნაკაიძე გამოეხმაურა. ნაკაიძემ მერიის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და საქართველოს დემოკრატიის კრახი.
"სამწუხაროდ, ბათუმის მერიისგან მივიღეთ უარი ახალი მეჩეთის მშენებლობაზე. ეს არის უპასუხისმგებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არ აქვს დასაბუთება, რატომ ვერ შევძლებთ მეჩეთის მშენებლობას ბათუმში" - განაცხადა ტარიელ ნაიაკიძემ.
მისი თქმით, ეს იყო ტესტი ქვეყნის დემოკრატიის, რომელიც ვერ ჩააბარა ხელისუფლებამ. "ქართველი მუსლიმები ვერ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და არ შევეგუებით ამ გადაწყვეტილებას, გავაანალიზებთ რა მოხდა და დავგეგმავთ ყველა იმ ღონისძიებას, რაც საბოლოო მიზნამდე, მეჩეთის მშენებლობამდე მიგვიყვანს. სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა, რომელიც ამ გადაწყვეტილებით გამოიხატა, უჩვენებს მუსლიმი თემის მიმართ დამოკიდებულებას" - განაცხადა ნაკაიძემ.
"ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდი" მერიის გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.