ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა თავისი განცხადებებით რუსეთს 2008 წლის ომში ეკოდანაშაულის უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს - მალხაზ თოფურია

18 ივნისი 2025, 13:23 63 ნახვა

რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების პროცესში ტალიავინის დასკვნის პროექტში ეწერა ეკოდანაშაულიც, რომელიც არის ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდება, თუმცა ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ეს უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ განაცხადა.

მისი თქმით, ტალიავინის დასკვნაში მსგავსი ჩანაწერი რომ მოხვედრილიყო, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ რამდენიმე მილიარდის გადახდა დაეკისრებოდა.

„ტალიავინის კომისიამ მუშაობის პროცესში რუსეთის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული გამოკვეთა. ამ კომისიის მუშაობის შედეგად, რუსეთს ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული მიუძღვის არაადეკვატური ძალის გამოყენების ნაწილში, ასევე პროექტში ეწერათ, რომ რუსეთმა ეკოდანაშაული ჩაიდინა – ეს არის ბორჯომის ხე-ტყის პარკის დაწვა. რუსეთს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყანას მოუწევდა, ეკოდანაშაულის ჩადენაზე რამდენიმე მილიარდის, რამდენი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, საქართველოს სასარგებლოდ გადახდა მოუწევდა. და უცებ, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი გამორბიან ყველა არხზე, ყველა მიკროფონთან და აცხადებენ, მადლობა წაღვერის მოსახლეობას, რომ არ გათქვეს, რომ იქ ტექნიკას ვმალავდით და რაღაცებს ვინახავდით. მანამდე, არც კეხვის, არც თამარაშენის სოფელი არ გახსენებიათ. ტალიავინის კომისიას ეს მასალა წარედგინა და რუსეთს ეკოდანაშაულზე ბრალდება მოეხსნა. როდესაც შენ მწვანე საფარს იყენებ საბრძოლო მასალების შესანახად, სამხედრო სამართალშია ასეა, პასუხისმგებლობისგან ის თავისუფლდება. ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ეს უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს,“ – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

მალხაზ თოფურიამ კომისიის სხდომაზე განმარტა, რამ განაპირობა ვეტერანების შეკრება გმირთა მოედანზე და მათი მიერ შიმშილობის გამოცხადება.

„არ იფიქროთ, შიმშილობის აქციას ვგეგმავდით და ვამბობდით, მოდი, იმ კვირიდან დავიწყოთო. ორთაჭალაში, ეროვნულ გვარდიაში იყო კუთხე ომში დაღუპული ბიჭების სურათების, ძირითადად სამაჩაბლოში, აფხაზეთში დაღუპულების და გვარდიელების. მუდმივად კანდელი ენთო, წმინდა ადგილივით იყო. მეტიც, ამერიკელები რომ ჩამოდიოდნენ, იცოდნენ, რომ ასეთი რამ არსებობდა და სანახავად მოდიოდნენ ხოლმე. ღირსეული კუთხე იყო. მოგვიანებით ეს შენობა შეიცვალა, გადავიდა ჯერ თავდაცვაში, შემდეგ ცალკე შენობა იყო, ბევრად დაბალი ხარისხის, ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. მაგალითად, დიდი ჰოსპიტალი იყო და გაქრა. შევარდნაძის დროს ვეტერანებთან დაკავშირებით უკეთესი პაკეტი იყო და კიდევ უფრო გაუარესდა სააკაშვილის დროს. 2008 წელს დაინიშნა ნაბრძოლი ვეტერანი, დათო აფციაური, რომელმაც სურათები აღადგინა, გააკრა იქ. დათო აფციაური ჩვენი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო. შემდეგ აფციაური მოხსნეს, ჩამოხსნეს სურათები, რემონტი კეთდებაო და ყუთებში ჩაალაგეს. რემონტიც ჩატარდა, ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სურათებს აღარ ეღირსებოდა ღირსეულ ადგილას დაკიდება, იდო და იდო ყუთში, თუმცა არავინ ერჩოდა.

შემდეგ გვარდიაში გამოჩნდა ისეთი სარდალი, რომელმაც ყუთებიდან სურათები გადმოყარა და წიხლებით შედგა, ესენი როდემდე უნდა მეყაროს აქო და ნაგავში გადაყარა. ეს სარდალი იყო გვარად წაქაძე. ჯერ გვარდიას რომ სარდლად კაპიტანს დაუნიშნავ. როგორც ახალი ჯიში გამოჰყავდათ, ისე გამოიყვანეს ჯიში წაქაძის სახით. „სააკაშვილის გმირის“ ყველა ნორმატივს ასრულებდა. 200 ბიჭის სურათი იყო, ავარიაში და გულით მკვდარი არცერთი არ იყო, ბრძოლაში დაღუპულთა სურათებზეა საუბარი. სააკაშვილმა ნამდვილად გაიმარჯვა, რადგან ვერავინ გაბედა ხმის ამოღება, ერთი ოფიცრის გარდა, რომელიც ჩვენი თანამებრძოლი იყო, ზურა სიდამონიძე, მოკრიბა სურათები, თავის მანქანაში ჩაალაგა. ამ ბიჭის ტრაგედია კიდევ ცალკე საკითხია. ალბათ კომისიაზე არ მოვა, რადგან ამის გამო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვები აქვს"- განახადა მალხაზ თოფურიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში