14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნება, რომლის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობა წარმოადგენს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების მიუხედავად, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან.
„გამოწვევებს შორის არის: შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის შეფერხებული პროცესი, უწყვეტ და ხარისხიან ინკლუზიურ განათლებაზე წვდომა, ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, ფიზიკური გარემოს, მომსახურებების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების მისაწვდომობა. ასევე, პრობლემურია შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების რეალიზება.
ხაზგასასმელია შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის სერვისების სიმცირე. კვლავ არ არსებობს საჭირო რეაბილიტაციის პროგრამები ზრდასრული შშმ პირებისათვის. საყურადღებოა ისიც, რომ შშმ ბავშვები არ მოიაზრებიან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო პროგრამის სამიზნე ჯგუფად.
ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები. ფსიქიატრიული დაწესებულებების უმეტესობაში არსებული პირობები ვერ უზრუნველყოფს იქ განთავსებულ პაციენტთა უფლებების დაცვასა და თერაპიულ მიდგომას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მიმდინარე წელს თემატური მიმართულებებით რამდენიმე სპეციალური ანგარიშის მომზადებას გეგმავს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.