გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში 7 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დეპარტამენტის ცნობით, 4 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია იმერეთში: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზვარესა და ვახანში.
2 უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია აჭარაში - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალსა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ იაკობაურში.
ასევე ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი მოქალაქეს საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში.
"სახერხი საამქროების ტერიორიებიდან ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, 25 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 0, 37 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.
ვინაიდან შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე", - აცხადებენ უწყებაში.