თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ სასამართლო დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ადვოკატმა სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულები არასათანადო პირობებში იმყოფებიან. მისი თქმით, დარბაზში ბრალდებულებთან ელექტროსადენიდან დენი გადადიოდა, ასევე დარბაზში უჟანგბადობა იყო.
ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე სამედიცინო დასკვნას წარადგენს როგორც ახალ მტკიცებულებას, რის შემდეგაც მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. სასამართლო პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან.
ცნობისთვის, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.