ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე წავსულიყავით, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ანუ, ჩვენი ქვეყანა დაგვენგრია, რის გამოც ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და ზოგი გაბრაზებულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტაშკენტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს დელეგაციამ ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა, როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს არჩევნებში.
„ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, მათ შორის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც იყო მონაწილე. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ საქართველო-ბელგიას შორის ურთიერთობაზე. მადლობა გადავუხადე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ბელგიის მოქალაქეებიც არიან ჩართული.
რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის აინტერესებდათ, რატომ არის გარკვეული დაძაბულობა. ჩვენ ავუხსენით ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ის, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკური ჯგუფების, თუ ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ იყო გარკვეული მოლოდინები მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. იყო მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამშვიდობო პოლიტიკას უწევდა რეკომენდაციას. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე წავსულიყავით, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, საზღვრები და ცა ჩაგვეკეტა, ანუ, ჩვენი ქვეყანა დაგვენგრია, ზოგიერთი ევროპაში გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი ნაწყენი და ზოგიერთი გაბრაზებული. ასეთი გარემოებებია, რაც შემდეგ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. მათ შორის ვისაუბრეთ, როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი არჩევნებში. გვახსოვს ბალტიელი მინისტრები, რომლებიც აქციებზე იდგნენ წინასაარჩევნოდ. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ყველაფერი ავუხსენით და ვფიქრობ, მათთვის გასაგებია ის ხედვა, რაც წარვუდგინეთ.
ზოგადად, პარლამენტებს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობაა. ჩვენ სწორედ ამ თანამშრომლობის იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ევროპარლამენტში როცა მიიღება რეზოლუცია, რომ რუსეთს ორმხრივი სანქციები დავუწესოთ და ამავე დროს, ჩვენ არავინ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკურ გარანტიებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგებისთვისაც გასაგები იყო, რომ ამ სიტუაციაში ქვეყნის მიმართ ასეთი მოთხოვნების წაყენება უპასუხისმგებლობაა.
დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა აცნობიერებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბოლოსკენ მიდის და ამ პროცესს ყველა სიფრთხილით აკვირდება, რადგან ერთი მხრივ, ყველა გულშემატკივრობს უკრაინას, რომ მისთვის რაც შეიძლება დადებითად დასრულდეს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ რისკი დიდია და ის იმედები, რაც მათ ჰქონდათ მშვიდობასთან დაკავშირებით, შეიძლება, ასე არ განხორციელდეს. ჩვენ ეს წარსულში ნანახი გვაქვს, ჩვენი ომი რვა თვის დასრულებული იყო, როცა ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები 9 მაისის აღლუმზე წითელ მოედანზე იდგნენ, უკრაინელი ჯარისკაცებიც, ჩვენი ომის შემდეგ. ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს იმ მხრივ, რომ სხვებს ვერ ვენდობით, ჩვენ ჩვენს ხალხს, საკუთარ თავს და ეროვნულ ინტერესებს უნდა ვენდოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.