პარლამენტმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, FARA-ს კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მიღებულია ამერიკული სტანდარტისა და ზუსტი ასლის კანონი. FARA-სთან ერთად მიღებულია „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები.
მიღებული გადაწყვეტილებით, სუბიექტის უცხოეთის პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები წესრიგდება. კანონის აღსრულება კი, ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.
კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ.
უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება და კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ასევე სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნდა „სამშობლოს ღალატის“ მუხლი, რომელიც 2007 წელს გაუქმდა.