ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი არსებითად განიხილავს.
დღევანდელ სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურამ მოწმეები უნდა წარადგინოს.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა პოლიციელების - გოჩა ვანაძის და ნოდარ ზენაიშვილის დაკითხვის თაობაზე არ დააკმაყოფილა. სასამართლო დარბაზში მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა.
გამოძიება მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.