ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

20 მარტი 2025, 18:06 162 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროში თანამშრომლობას.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები დღეს საქართველო-სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სტადიონზე, გაიმართება.

"სომხეთში ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე.
ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, რომელიც სპორტული და კულტურული კავშირებით კიდევ უფრო მყარდება, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირების დასტურია.
დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში"
- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში