ბათუმში ინოვაციური განათლების ახალი სკოლა გაიხსნა. სკოლა 12-15 წლის მოზარდებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მიდგომებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას ისახავს.
მოსწავლეები კოდინგს, რობოტიკას, ინჟინერიას, მათემატიკასა და სხვა ტექნოლოგიურ დისციპლინებს ინტერაქტიური მეთოდებით შეისწავლიან. სწავლების პროცესი არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებაზეც იქნება ორიენტირებული, რაც ბავშვებს ახალი უნარების განვითარებასა და ტექნოლოგიურ სფეროში საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში დაეხმარება.
სივრცე ინოვაციური ტექნიკით არის აღჭურვილი. ბავშვებს წვდომა ექნებათ რობოტიკის ლაბორატორიაზე, 3D პრინტერზე, სკანერზე, რობოტ ასისტენტსა და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე.