პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ათი პირი დამნაშავედ ცნო

13 მარტი 2025, 17:01 87 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ათი პირი დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წელს, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა.

"ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე ახორციელებდა. საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის თანხების დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ხელოვნურად ზრდიდნენ აღნიშნული კლუბების მიერ მიღებულ შემოსავლებს, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრში, ბრალდებულებმა შესაბამის დოკუმენტებში უჩვენეს, რომ თითქოსდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 3 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რა გზითაც, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის წარმომავლობა შეინიღბა. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვას და კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებდა.

ასევე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით სისტემატიურად ახდენდნენ სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტის შეძენას, რომლის შემდგომი რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდებას ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი ახდენდა.

ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების სახელით თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე დაახლოებით 2 000 000 ლარზე მეტი ღირებულების საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთი შეიძინა. ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით ასევე, ორგანიზებული ჯგუფის წევრების სახელზე 1 000 000 ლარზე მეტი ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილებია შეძენილი.

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2024 წლის 10 ივნისს, ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირმა, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მარნეულის რაიონის სოფელ ქერაჩმუღანლოში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტით საქართველოში საზამთრო შემოიტანა, რომლის ყუთებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული იყო უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 25 400 გრ. ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. აღნიშნული ტვირთი ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელზე იგზავნებოდა, რომელიც ტვირთის გატარების მიზნით, დოკუმენტების მოწესრიგებას ცდილობდა, რათა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ზემოხსენებული სქემით მომხდარიყო.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2024 წლის 14 და 15 ივნისს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 18-18 წლით, ერთ პირს 15 წლით და 6 თვით, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ 1 000 000 ლარზე მეტი ღირებულების რვა ავტომანქანა, 4 000 000 ლარამდე ღირებულების ხუთი უძრავი ქონება და ჩხრეკის შედეგად ამოღებული 40 000 ლარამდე თანხა"-განმარტავენ საქართველოს პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში