თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების გამო დაკავებული 11 ბრალდებულის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს, რადგან მოსამართლე ნინო თარაშვილს, რომელსაც უნდა განეხილა საქმე - შეიცვალა. პროცესზე ერთ-ერთი დაკავებულის რეზო კიკნაძის ადვოკატმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
უფლებადამცველის თქმით, მოსამართლე შვანგირაძე საქმის გაცნობას რამდენიმე საათში ვერ მოასწრებდა.
მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა. ადვოკატებმა კიდევ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, მათ შორის, პროკურორების აცილების. ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ამის საფუძვლად პროკურორ ვაჟა თოდუასადმი ესტონეთის მიერ დაწესებული სანქცია დაასახელა.
მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. დაკავებულებს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.