საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

25 თებერვალი 2025, 09:01 76 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპი ბელგრადში სერბეთის ნაკრებთან მატჩით დაასრულა. ორივე ნაკრებს ევრობასკეტზე მოხვედრა გარანტირებული ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ საქართველომ მიზანს ბოლოსწინა ტურში დანიასთან გამარჯვებით მიაღწია. ამიტომ მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა დასვენების საშუალება მისცა ლიდერებს, თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს, რომლებიც გუნდს სერბეთში აღარ გაჰყვნენ. მწვრთნელმა თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მისცა.

პირველი ტაიმი საქართველომ 31:27 მოიგო, თუმცა საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში 54:63 დამარცხდა. მატჩის ბომბარდირი 17 ქულით ბექა ბურჯანაძე გახდა. ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.

შეჯიბრებას ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს: კვიპროსი, პოლონეთი, ფინეთი და ლატვია. 24 გუნდი სხვადასხვა ქვეყანაში, ოთხ ჯგუფში განაწილდება და წილისყრა გაარკვევს, რომელ ქვეყანაში მოუწევს საქართველოს ნაკრებს თამაში.

წილისყრა 27 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება. ექვსგუნდიანი ყოველი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 4-4 საუკეთესო გავა. პლეი-ოფები კი ლატვიაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში