ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, 9.7 % ეკონომიკურ ზრდას მიაღწია საშუალოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. საქართველოს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავს ქვეყნებს შორის და 2022-2024 წლებში საშუალოდ 6%-ს აღემატება.
რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში. 2024 წელს საქონლის ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 7.3%-იანი ზრდა აჩვენა და ისტორიულ მაქსიმუმს – 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეს უფრო ფართო რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას.
„დაბალი და სტაბილური ინფლაცია ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შესაძლოა, განპირობებული იყოს პროდუქტიულობისა და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაუმჯობესებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით,საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის საქართველო პირველ შვიდეულშია.
„მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის საქართველო პირველ შვიდეულშია. რაც შეეხება ანტიკრიმინოგენურ ინდექსს, საქართველო ევროპაში მე-8, ხოლო მსოფლიოში 20-ე ადგილზეა 2024 წლის მონაცემებით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.
საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით. შავი ზღვით ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალოვადიან პერიოდში, რომლითაც მონაცემთა დერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში - ევროპას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის“, - განაცხადა პრემიერმა.