ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძის, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, ეკა კუხალაშვილისა და გივი ცინცაძის სასამართლო პროცესი იწყება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს. საქმე ეხება 26 იანვარს მოსამართლე მალხაზ ოქროპირიშვილის სახლთან გამართულ სიმბოლურ საპროტესტო აქციას, რომელიც 30 წუთი გრძელდებოდა.
ეს ის მოსამართლეა, რომელმაც მზია ამაღლობელის სააპელაციო სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. აქციის მონაწილეებმა მოსამართლის სახლთან ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 პირს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს.
კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.