ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფარგლებში ასობით სერბმა სტუდენტმა და ადგილობრივმა ქალაქ ნისში ავტომაგისტრალი გადაკეტეს. მომიტინგეებს ეჭირათ ბანერები და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, შემდგომ კი 15 წუთის განმავლობაში დუმილით პატივი მიაგეს გასული წლის ნოემბერში ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
ისინი მომხდარ ტრაგედიაში სერბეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები პასუხისმგებელ პირთა გასამართლებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციები, რომლებიც თავდაპირველად ნოვი სადის უბედური შემთხვევის შემდეგ დაიწყო, გავრცელდა მთელ ქვეყანაში, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ კატასტროფის მიზეზი კორუფცია, ნეპოტიზმი და უხარისხო მშენებლობა იყო და მოითხოვენ სწრაფ სასამართლო რეაგირებას დამნაშავეთა წინააღმდეგ.