პრემიერმა ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა

08 თებერვალი 2025, 14:45 139 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა.

მთავრობის მეთაური განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო, ყინულის არენა დაათვალიერა და სპორტსმენებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა დამატებით სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, ჩაერთონ სპორტში.

„ახლადაშენებული ყინულის სასახლე ბათუმში განკუთვნილია 1 500 მაყურებლისთვის. აქ გაიმართება ასევე ახალგაზრდული ზამთრის ფესტივალი, რომელიც დაიწყება ხვალ ყინულის სასახლეში. ეს არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა მთლიანად ქვეყნისთვის და კონკრეტულად ბათუმისთვის. ბათუმში დაახლოებით 450 ახალგაზრდა არის ჩართული სპორტის ამ სახეობაში და ახალი დარბაზი მისცემს ახალ სტიმულს ბავშვებს, ახალგაზრდებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე დამონტაჟდა სპორტული განათება, ტაბლო და გახმოვანების სისტემები, ტრიბუნები გათვლილია 1 500 მაყურებელზე. სპორტულ ობიექტში ფუნქციონირებს საკონფერენციო და ქორეოგრაფიული დარბაზები, მწვრთნელთა და მსაჯთა ოთახები, გასახდელები და სველი წერტილები.

არენა 9 თებერვლიდან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. კომპლექსს მომავალი წლიდან ექნება შესაძლებლობა, სრული დატვირთვით უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრებებს ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში.

კომპლექსი, ყინულის არენასთან, ერთად საცურაო აუზსაც მოიცავს, რომელიც ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს. პროექტის ჯამური ღირებულება 53 943 280 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში