''ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საქმეზე ჩვენებას დახურულ სხდომაზე აძლევს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, არგუმენტად კი კომერციული საიდუმლოების დაცვა დაასახელა.
ასევე პროკურორმა აღნიშნა ,რომ დაკითხვის დროს, საუბარი შეიძლება ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობებს შეეხოს. იმის მიუხედავად, რომ დაცვის მხარე სხდომის დახურვის მოთხოვნას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.
რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებას, პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წელს ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.