პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა, ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა. ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის რეალობა. ვერავინ იტყვის, რომ მიხეილ ყაველაშვილი არაკანონიერად იქნა არჩეული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები მოსახლეობის დაშინების შესახებ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოქალაქეები კრიტიკული არიან, თუმცა, მათთვის მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპისკენ მიზანმიმართული სვლა უალტერნატივოა.
„სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ვიღაც როგორც მონა ისე აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“. მოქალაქეები კრიტიკული არიან, თუმცა მათთვისაც მშვიდობა, სტაბილურობა და მიზანმიმართული სვლა ევროპისკენ მნიშვნელოვანია. ამას ალტერნატივა არ აქვს. რომ არსებულიყო ნორმალური ოპოზიცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მაშინ იქნებოდა ის კონკურენტუნარიანი და შეძლებდნენ „ქართული ოცნების“ შეცვლას. ძალები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ უნდათ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა, პირიქით აზიანებენ მიზანს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები და ამასთანავე სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მათი აზრიც უნდა იქნას გათვალისწინებული, თუმცა გაუგებარია, რას აპროტესტებენ ისინი.
„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების სრული გაგება. ის ვინც ქუჩაში გადის უმრავლესობას არ წარმოადგენს. გასაგებია, რომ ჩვენ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ისმის კითხვა, რას აპროტესტებენ ისინი? რატომ ახალი არჩევნები? არჩევნები უკვე ჩატარდა. ახალი არჩევნები თუ ჩატარდება და ეს პარტიები ისევ ვერ მოიგებენ, რა იქნება მაშინ?“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ღირებულებები, რომელსაც საქართველო იცავს, თანხვედრაშია ტრამპის ღირებულებებთან და ეს იძლევა აშშ-სთან ახალი დასაწყისის იმედს.