ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 3 სტუდენტი 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო ერთი პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა, ირაკლი დევაძემ და ირაკლი ნაკაშიძემ, წერილი წარადგინეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ბრალდებულებთან პრეტენზია არ აქვთ. შერიგების სურვილი გამოთქვა დეკანმა მამუკა ჯორბენაძემაც.
მოსამართლემ მხარეთა მიერ წარდგენილი თითქმის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. მტკიცებულებებს სასამართლო საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე გამოიკვლევს.
პროკურატურა დაეთანხმა ოთხი პირის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლას, ხოლო ერთის ანრი კაკაბაძის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან ის წარსულში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია და გირაო აქვს შეფარდებული.
მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და ოთხი პირის მიმართ გირაოს შეფარდებას დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 9 დეკემბერს დააკავეს.