ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ამ ყველაფერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, არაბთან გაერთიანებულ საამიროებში, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არაერთი პროექტი იქნა განხილული.
„ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ჩვენი მეგობრების თანამონაწილეობას ასეთი პროექტების განხორციელებაში. განსაკუთრებული გამოცდილება აქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მათ კომპანიებს და შესაბამისი მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ მათთან, როგორც ხელისუფლებასთან, ასევე კომპანიებთან იმისათვის, რომ მათი თანამონაწილეობით უზრუნველვყოთ ყველა შესაბამისი პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, აბუ დაბიში დღეს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, ექვსი მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან, ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან. განვიხილეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა და ბევრი ვიმსჯელეთ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა კონკრეტული, ძალიან საინტერესო მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია, ეს არის ცნობილი EMAAR ჯგუფი. განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც ქვეყანაში.
„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR ჯგუფს, ის ხელმძღვანელს ბატონ ალაბარს, ყველას განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის და დღევანდელი შეთანხმებისთვის, რასაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიური განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.