აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში - ილჰამ ალიევი

17 იანვარი 2025, 14:35 106 ნახვა

თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო დაკავშირებადობა და შუა დერეფნის პროექტი.

„პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ დაკავშირებადობასა და შუა დერეფნის პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ამ მიმართულებებით. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ბუნებრივია, ამ პროექტში ჩვენ მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სხვა ქვეყნებთან სამეზობლოში და ეს მოიცავს ფართო გეოგრაფიას. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ამას და ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოშიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით ეს შეეხება გაციფროვნებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს პარალელურად მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ ძლიერი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა ქვეყნებსაც.

 

ჩვენ ბევრი რამის მიღწევა მოვახერხეთ, რასაც გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. აქვე მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებებს მომავალშიც“, – აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, ორ ქვეყანას შესანიშნავი შედეგები აქვს ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებში.

„ჩვენი ერები მეგობრულად, კეთილმეზობლურად და ძმურად ცხოვრობენ საუკუნეებია და ეს განსაკუთრებული ურთიერთობები გრძელდება დღესაც. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი. ეკონომიკურ ურთიერთობებში შესანიშნავი შედეგები გვაქვს, აზერბაიჯანმა 3,6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება განახორციელა საქართველოში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან პოზიტიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე თქვენს ქვეყანაში და იწვევს ინვესტორებს და შთაგონების წყარო ხდება თქვენს ქვეყანაში კაპიტალდაბანდებისთვის, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში