2024 წელს დასრულებული საქმეების 90% მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა - კონკურენციის სააგენტო

14 იანვარი 2025, 14:34 125 ნახვა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს დასრულებული საქმეების 90% მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2024 წლის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 890 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 6 350 შეადგინა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იყო: 70% ქალი, 30% მამაკაცი.

„ერთი წლის პერიოდში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 198 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 102 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 56 მოვაჭრეს 92 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში 60 000 ლარი. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 193 საქმეზე 163 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც სავარაუდოდ მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. 2024 წელს მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი 3% და სხვა რეგიონები.

საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 317 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 253, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 147, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 47, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 37, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 35, ხოლო სხვა დანარჩენზე 54. ერთი წლის მონაცემების მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს“, – აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში