„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ფრენები შეაჩერა

27 დეკემბერი 2024, 13:36 145 ნახვა

„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ფრენები შეაჩერა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის ავიახაზები (AZAL), Embraer 190-ის ავიაკატასტროფის წინასწარი გამოძიების შედეგებისა და ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, 28 დეკემბრიდან აჩერებს ფრენებს ბაქოდან რუსეთის აეროპორტებში, საბოლოო გამოძიების დასრულებამდე.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ქალაქები სადაც „აზერბაიჯანული ავიახაზები” ფრენებს შეაჩერებს არის: მინვოდი, სოჭი, ვოლგოგრადი, უფა, სამარა, გროზნო, მახაჩყალა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებების ბილეთების მქონე მგზავრებს აქვთ ბილეთების სრული დაბრუნების ან უფასო გამოცვლის უფლება.

პარალელურად, ავიაკომპანია გააგრძელებს ფრენებს მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ეკატერინბურგის, ასტრახანის, ყაზანისა და ნოვოსიბირსკის მიმართულებით.

ცნობისთვის, წინასწარი გამოძიებით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში