ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ცუდი სურათი იქნება მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„სალომე ზურაბიშვილის და სხვა შესაბამისი პირების გაფრთხილება არის ჩვენი მოვალეობა. ეს არის არა მარტო ჩვენი უფლება, არამედ მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია. ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი. ძალიან ცუდი სურათი იქნება, ჩვენ რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი, ეს შეიძლება, აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს, შეიძლება, მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი. ესეც ქვეყანას არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია და არა პარტიული ოფისი და იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას.
„მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მაინც გონივრულად იმოქმედებს სალომე ზურაბიშვილი. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება. ეს არ არის პარტიული ოფისი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, შესაბამისად, იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას, არა მხოლოდ უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი, პირველ რიგში, საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 100-150 ადამიანს, რომელიც მასთან ერთად შეიძლება მოიაზრებოდეს. აქედან გამომდინარე, მე ასეთი არაგონივრული სცენარის გათამაშებას არ ველოდები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.