სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვა

23 დეკემბერი 2024, 14:42 124 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯაიანს პროკურატურამ ბრალი დაუზუსტა და მას ბრალი 126-ე მუხლით წარედგინა, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული. ბექა ჯაიანმა სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. საუბარია მკვლელობის ნაწილზე. ხოლო იმ ნაწილში, სადაც საუბარია კესარია აბრამიძის გენდერის თვალსაზრისით სისტემატურად ცემის ეპიზოდზე, ჯაიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დღევანდელ პროცესზე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებასთან დაკავშირებით და პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სრულად დასაშვებად ცნო.

ჯაიანის ადვოკატს პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცლა არ მოუთხოვია. მან მხოლოდ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა მოითხოვა ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე გენდერის ნიშნით სისტემურად ძალადობდა.

კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის ბექა დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე ჯაიანს ბრალდება 126-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვისაც წარედგინა, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ბექა ჯაიანს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში