ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ არჩევნები წარმატებით შედგა, შესაბამისად, უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში - ირაკლი კობახიძე

22 დეკემბერი 2024, 19:23 69 ნახვა

ეუთო/ოდირმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა. შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში, კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდა ემოციური ფონი სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ისტერიულ ფონზე გუშინ საინტერესო დისკუსია შედგა სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შორის, მათ შორის, NGO-ების წარმომადგენლებს შორის.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ ვიცი რა წრეში, მათ ჰქონდათ სერიოზული მსჯელობა არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და რეალურად შეკრიბა ოპოზიციური სპექტრი სალომე ზურაბიშვილმა, სწორედ, იმ განზრახვით, რომ მას გუშინ უნდა დაენიშნა საპარლამენტო არჩევნები. მიზანი იყო ცხადი, აჟიოტაჟის შექმნა. ხედავთ, რომ ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში, გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 ათას კაცამდე ძლივს შეკრიბეს. ნახეთ, რომ აზიარებდნენ შარშანდელი აქციის ფოტომასალას. პირველი – ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს მთელი ამ კვირების განმავლობაში პოლიციის გამოწვევა, ვეღარ ახერხებენ ძალადობით პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. შესაბამისად, არის მძიმე ემოციური ფონი და ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში, ეს აისახება სალომე ზურაბიშვილზეც. შედგა საბოლოო ჯამში ბრიფინგი, თუმცა ეს ინიციატივა ამ ბრიფინგზე არ გაჟღერდა, ვიღაც ჭკვიანმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს, ეს არ გაეკეთებინა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში